გონიოს ციხე
- თავისუფალი ქართული ენციკლოპედია
- Jul 7, 2015
- 3 min read

გონიოს ციხე, აფსაროსი — ისტორიული ციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიული ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შედის. ციხე აგებულია ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეზე.
ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.
ანტიკური მწერლები საკმაო სისრულით აღწერენ კოლხეთის ზღვის სანაპიროს. კოლხეთის ზღვად სტრაბონს მიჩნეული აქვს შავი ზღვის ნაწილი კოლხეთის სანაპიროზე.
რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი (+79 წ.) გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ „140,000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი (Absarus), რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეა“[3]. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე.
აფსარს იხსენიებს მეორე რომაელი მწერალიც — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული[4].“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან. ეს ჩანს ძველი მწერლების მითითებიდანაც. პროკოპი კესარიელი ამბობს:ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბიასი, რომელიც მას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტს, მაგრამ უკვე აღარ იწოდება ბოასი... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ.
65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერტ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.
რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.
ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას[6].
პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ[7]. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე[8]. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.
აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით[9]. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა.
აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი იოანე საბანისძე დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.
ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.)
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. ანტიკური ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.[10]
Comments